დავითაშვილი: თბილისის პირველი მშრალი პორტი მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის" განვითარებისთვის

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2024
გამოწერა
„მშრალი პორტი" თბილისში ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ „შუა დერეფნის“ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროექტ „თბილისის მშრალი პორტის" პრეზენტაციაზე.
დავითაშვილმა პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ საიეღთან ერთად მიიღო, რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს. კომპანია აქციების 60%-იანი წილის მფლობელი და პროექტის მთავარი პარტნიორია. „მშრალი პორტი" თბილისში ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.
„საქართველოში პროფესიონალი ოპერატორების ამ პროექტით გამოჩენა მნიშვნელოვანი სიგნალია ტვირთის მფლობელებისთვის და სხვადასხვა პარტნიორი მხარისთვის იმის შესახებ, რომ ამ მარშრუტს („შუა დერეფანს“ – რედ.) აქვს დიდი პოტენციალი და სწორად ვითარდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ამჟამად ხორციელდება ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია და სრულად შეესაბამება მთავრობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებს, რაც მოიცავს „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურის განვითარებას მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მსოფლიო მასშტაბით.
„ჩვენთვის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროა, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი აქტიურობა გვაქვს. მხოლოდ მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში ტვირთების გადაზიდვების 10%-იანი ზრდა გვქონდა, ჩვენს პორტებში დაახლოებით 0,5 მილიონ კონტეინერამდე უკვე დამუშავდა", - განაცხადა დავითაშვილმა.
„თბილისის მშრალი პორტი“ თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.
„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა.
სიტყვით გამოსვლისას დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე.
„ჩვენთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობა მეტად პრიორიტეტულია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას და ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირს", - განაცხადა მინისტრმა.
AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის პროცესის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა - შედეგად ჯგუფი 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს AD Ports Group-ის ლოჯისტიკური კლასტერი მართავს. კომპანიამ „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა, პროექტში მის განვითარებასთან ერთად კიდევ დამატებით ინვესტიციები ჩაიდება.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0