Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის ნოემბრიდან აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენების სიხშირე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ამ ეტაპზე ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აბუ-დაბიდან გვაქვს ყოველდღიური რეისები და 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბიდან ქუთაისში პირდაპირი რეისები დღეში ორჯერ გვექნება", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ფრენების სიხშირის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლო აღმოსავლეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის მუშაობა გაგრძელდება.
ქარქაშაძემ ფრენების სიხშირეების გაზრდის საკითხზე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ ალნუაიმისთან ისაუბრა, რომელსაც ქუთაისის აეროპორტში უმასპინძლა.
მან ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით პირველ ადგილზეა.
„ეს ძალიან ლამაზი და თანამედროვე აეროპორტია. კმაყოფილი ვართ, რომ Wizz Air Abu Dhabi, რომელიც აბუ-დაბიდან ქუთაისში ყოველდღიურად დაფრინავს, სულ მალე ფრენებს თითქმის გააორმაგებს. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და გარკვეულ დღეებში ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“,- განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0