სჭირდება თუ არა საქართველოს დასავლეთის ფული: ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
კაკაურიძის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოს ბიუჯეტზე არ ასახულა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ბიუჯეტი დაფარავს უწყებების ყველა აუცილებელ საჭიროებებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.
დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები, განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა.
„რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ნამდვილად არ ვიცი ამ თანხის მოცულობა, რადგან ეს 100 ათასი ევრო ბიუჯეტში ნამდვილად არ იყო. გვქონდა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და თუ რაიმე საჭიროება იქნება უწყებების მხრიდან ეს გამოჩნდება. ბიუჯეტს აუცილებელი საკითხები დაფინანსების შესაძლებლობა ნამდვილად აქვს", - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, მთავარია სწორი მიმართულებით თანამშრომლობა, აუცილებელი რეფორმებისთვის თანხის გამონახვა კი სირთულეს არ წარმოადგენს.
„თითოეული რეფორმისთვის თანხების მოძიება არ არის პრობლემა, მთავარია რეფორმა სწორად განვახორციელოთ“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოს ბიუჯეტზე არ ასახულა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
„აშშ-ის 95 მილიონი დოლარიდან ბიუჯეტში არაფერი მოდიოდა. ქვეყნისთვის აუცილებელი პროგრამები დაფინანსდება აუცილებლად ბიუჯეტიდან, თუმცა ბიუჯეტში ის 95 მილიონი დოლარი არ მოდიოდა. 121 მილიონი ევროს შესახებ კი ჩემთვის უცნობია ზუსტად რომელი პროექტების ფარგლებში უნდა ჩამორიცხულიყო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თანხები. დაახლოებით 25 მილიონი ევროს შესახებ ვიცოდით, რაც შესაძლებელი იყო მიგვეღო, რაც ხელმოწერილი და შეთანხმებული იყო და რომლებზეც ჩვენი მხრიდან ვალდებულებები შესრულებულია. ვნახოთ, არ ვიცი მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხები არ ჩამოვა და შევხედოთ რა იქნება საბოლოო ჯამში”, - განაცხადა კაკაურიძემ.
დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატები, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ხელისუფლების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0