პრემიერი: ერთ თვეში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტექნიკურად გადავაყენებთ

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ერთ თვეში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების იმედი აქვს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმპიჩმენტის გზით ტექნიკურად გადააყენებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს თუ როგორ აფასებს იგი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
„ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით. ეს არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ყველაფერი არის არარელევანტური", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა განაახლა- გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნო, განაცხადა 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის ოქტომბრის დასაწყისში - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს - ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტად თავად ზურაბიშვილი დაასახელა.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0