კალაძე: სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5,5 ათასამდე ოჯახს დაურეგისტრირდება

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
საქართველოში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 12 გეოგრაფიულ არეალში ხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„ბევრი ადამიანი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა საკუთარი მიწის რეგისტრაციას და აღნიშნული საკითხი მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. 15 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, -განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.
„პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალები შეადგენს დაახლოებით 4.264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია დაახლოებით 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5.464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი”, -განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, მილიონ ჰექტარზე საკუთრების საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ყველა ახალი ამბავი
0