იუსტიციის სამინისტრო არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან განმარტებას ელის

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
პრეზიდენტმა უწყებათაშორის კომისიას წერილობით უპასუხა, თუმცა მისი პასუხი უწყებამ არ დააკმაყოფილა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი უწყებათაშორის კომისიაში მიიწვია, რათა მოისმინოს განმარტება ზურაბიშვილის განცხადებაზე არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
7 ოქტომბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს 26 ოქტომბრის მოვლენების მონიტორინგისთვის საკოორდინაციო პლატფორმას შექმნის და შემდეგ იზეიმებს გამარჯვებას. ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვისი გამარჯვების აღნიშვნას აპირებს.
„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა კომისიას წერილობით უპასუხა, თუმცა მისი პასუხი უწყებამ არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ „საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება“. ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, აკონტროლებს სამთავრობო უწყებებისა და თანამდებობის პირების მიერ საარჩევნო დარღვევებს.
სალომე ურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს დაადასტურონ თავიანთი ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ტექნიკური მთავრობის წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.
პრეზიდენტის ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით უკვე დაუჭირა მხარი „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ინიციატივა სრულად შეესაბამება „ქართულ ქარტიას“.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამაც დაადასტურა „ქართული ქარტიისადმი“ ერთგულება. მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მზად არის კონსულტაციების გასაგრძელებლად.
იმავდროულად, პარტია „ლელოს“ ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ტექნიკური მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე საუბარი მხოლოდ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ღირს.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0