„ინტერ-რაომ“ საქართველოს 300 მგვტ ელექტროენერგიის დარეზერვება სთხოვა

© photo: Sputnik / petrukhinელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2024
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ინტერ-რაომ" აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა 300 მგვტ ელექტროენერგიის დარეზერვება რუსეთში ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მიწოდებისთვის, იუწყება РИА новости კომპანიის მმართველი საბჭოს წევრ ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით.
„ძირითადად... ჩვენ ვეცდებით დამოუკიდებლად მოვაგვაროთ. მაგრამ თუ იქნება ავარიული რეჟიმები, მაშინ, სისტემის ოპერატორის თხოვნით მივმართეთ ორ - საქართველოს და აზერბაიჯანის ენერგოსისტემას თხოვნით, რომ საგანგებო პერიოდებში მზად იყვნენ ჩვენთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის - 300 მგვტ აზერბაიჯანიდან, 300 მგვტ საქართველოდან. მათ ჯერ არ გვიპასუხეს, მაგრამ ჩვენ მოთხოვნა გავაკეთეთ“, - განაცხადა პანინამ.
რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია ენერგეტიკულ სექტორში მხოლოდ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით. 2023 წელს საქართველომ აფხაზეთისთვის რუსეთიდან 790 მლნ კვტ/სთ შეისყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოს რუსეთში ელექტროენერგია არ გაუყიდია. ქართული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელი თურქეთია, რომელზეც 2023 წელს მთლიანი ექსპორტის 89% მოდიოდა. დანარჩენი ელექტროენერგია აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიგზავნა.
ამასთან, საქართველოში ოპერირებს რუსული კომპანია „ინტერ-რაო", რომელიც საქართველოში ფლობს არა მხოლოდ ენერგოგამანაწილებელ კომპანიებს „თელასს" და „თელმიკოს", არამედ მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს.
2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ-რაოს" შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ-რაოს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით თითქმის 3,4%-ით გაიზარდა და 8,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. თუ ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგია არ იქნება საკმარისი, საქართველო მას ძირითადად ირანიდან და თურქეთიდან შეისყიდის.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოიხმარეს 13,7მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. გასულ წელს გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0