ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაიწყო

© Associations of Georgian airportsქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი
 - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2024
გამოწერა
მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს”, - განმარტა ქარქაშაძემ
პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.
ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რონ ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0