როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში - ODIHR-ის ანგარიში

© photo: Sputnik„ქართული ოცნების“ ბანერი
„ქართული ოცნების“ ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2024
გამოწერა
დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე.
თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ოდირი) საქართველოს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები.
„ისტორიაში პირველად ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების, შედეგების დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემის ელექტრონული მოწყობილობები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამომრჩევლების უფლებებსა და რეგისტრაციაზე.
ანგარიშის თანახმად, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიაში კვლავაც არის უზუსტობები, რომლებიც სავარაუდოდ გამომდინარეობს სიაში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული, ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.
„მმართველმა პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ანტიკორუფციული ბიუროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც აისახა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაფინანსების სიღრმისეული შემოწმება საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაიწყო და დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად დამატებითი ანგარიშების წარმოდგენა მოითხოვა.
„ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა თავისი პირველი შუალედური ანგარიში. რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მიუხედავად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ბიუროს არ ევალება ამ ანგარიშების დეტალური შემოწმებისა და დასკვნების კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მედიაგარემოზეც და აღინიშნა, რომ „მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ასახავს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს“.
ასევე ნათქვამია, რომ მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გამძაფრებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და გაღრმავებული ანტაგონიზმის და, ასევე, სხვადასხვა კანონის მიღებით საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს.
„2023 და 2024 წლებში მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად, 2023 წელს, გაიწვიეს, მაგრამ მომდევნო წელს ხელახლა განიხილეს და 2024 წლის 28 მაისს მიიღეს. ამ მოვლენების მიმდინარეობისა და კანონის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, პროცესში ჩართულმა ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას (ODIHR EOM) აცნობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და დაშინების ფაქტების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მონაცემებით, ივლისში პრეზიდენტმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება.
9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე.
„ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ODIHR-მა, შეშფოთება გამოთქვა, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც მკაცრად გააკრიტიკა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, და მათ შორის ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ, როგორც ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი ზომა და ლგბტ თემის სტიგმატიზებისკენ მიმართული ინსტრუმენტი.
OSCE/ODIHR -ის ინფორმაციით, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) საქართველოს მთავრობის მოწვევითა და თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას 11 სექტემბერს შეუდგა. მისიას ხელმძღვანელობს მისიის ელჩი, ოუენ მერფი.
მისიის ძირითადი გუნდი შედგება თბილისში მომუშავე 12 წევრისგან და 30 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 19 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ.
მისიის წევრები ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან შეირჩნენ; მათ შორის 48% ქალია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) წევრ ქვეყნებს კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დასწრების მიზნით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა.
ყველა ახალი ამბავი
0