კალაძე: იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება

© press-service of the Tbilisi City Hallიპოდრომის განაშენიანების პროექტი
იპოდრომის განაშენიანების პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2024
გამოწერა
დედაქალაქის მერის თქმით, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულომ ყოფილი იპოდრომისა და მომავალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ შვიდი საცხოვრებელი კორპუსის, მათ შორის 79-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა დაამტკიცა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.
„თბილისში იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
„მოსახლეობას სურდა, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ოპოზიციის მტკიცებით კი მშენებლობა იგეგმება იმ ტერიტორიის ნაწილზე, სადაც ადრე იპოდრომი მდებარეობდა. მათი თქმით, ხელისუფლება იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანებას. სახლების მშენებლობა 8 ჰექტარ ფართობზე იგეგმება.
ბოლო დრომდე იპოდრომის მთლიანი ტერიტორია ეკუთვნოდა „ფონდ ქართუს“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
ფონდმა „ქართუმ" 36 ჰექტარი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცა, 2023 წელს კი კიდევ 8 ჰექტარი მიჰყიდა კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუს“, რომლის აქციონერია Wissol Group. ფონდი „ქართუ“ პარკს საკუთარი სახსრებით აშენებს და იგი 40 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ითვალისწინებს.
მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა დასასვენებელი ბაღი, სკეიტპარკი, პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას. ასევე გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.
თბილისის ცენტრალური პარკის პირვანდელი პროექტის პრეზენტაცია 2021 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0