„ოცნება“ ისტერიკაშია – ბრალდებების გრძელ სიას გახარია გამოეხმაურა

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2024
გამოწერა
შსს-ის დისკრედიტაციასა და სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვაში გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დაადანაშაულა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ როგორც მთავრობის წევრმა, მიზანმიმართულად შელახა ქვეყნის იმიჯი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ისტერია უწოდა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გახარია შსს-ის დისკრედიტაციასა და სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. მტკიცებულებად მან გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოიყვანა - თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება, საპროტესტო აქციების დროს სპეცრაზმის მოქმედების ტაქტიკა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლიციის საგუშაგოს განთავსება.
„ისინი უკვე ძალიან სახიფათო ველზე შედიან... ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენი პარტიის მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე", - განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებელია მის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, რაზეც მდინარაძემ ისაუბრა.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ფიქრობს.
„მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათ ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება", - განაცხადა გახარიამ.
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ქვეყნის ხუთ ყველაზე რეიტინგულ პარტიასა და გაერთიანებას შორისაა. თუმცა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პარტია „საქართველოსთვის“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვით მიხედვით კი აღნიშნული პარტია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0