პრემიერი: საქართველოს ეკონომიკა ოთხ წელიწადში თითქმის 45%-ით გაიზრდება

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
პრემიერის თქმით, სამუშაო ადგილები მარტო ორ-ნახევარ წელიწადში 170 ათასით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შემოსავალი გაუჩნდათ.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 2028 წელს 130 მილიარდ ლარს მიაღწევს, ანუ 2024 წელთან შედარებით 44,4%-ით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერმა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგი პერიოდის საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება მონოპოლიზებული მედიის მეშვეობით ატყუებდა ხალხს, რომ ეკონომიკა აყვავებული იყო და ყველა ბედნიერი იყო. მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 28 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს კი 90 მილიარდ ლარს მიაღწია.
„28 მილიარდიდან ქვეყნის ეკონომიკა 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ და პროგრამის მიხედვით კი, როდესაც განვახორციელებთ დასახულ ყველა ამოცანას, 4 წელიწადში, 2028 წელს, ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს“, – განაცხადა კობახიძემ.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ იზრდება. 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%. 2024 წლის ივლისში ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივლისში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 9,7%.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებამ „ქართულ ოცნებას" მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა - ბიუჯეტი მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი იყო, უმუშევრობა დაახლოებით 27%, სიღარიბე 30%, სიღარიბის ზღვარს მიღმა კი 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა.
მთავრობის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის 30% (1 120 000 ადამიანი) სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე (440 ათასი) შემცირდა. „ქართული ოცნების“ დაპირებების თანახმად, 2028 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 150 ათასამდე შემცირდება და 4%-ს შეადგენს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.
„ამის პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი, 8,5 მილიარდი ლარი იყო, წელს კი უკვე გვაქვს 27,8 მილიარდი ლარი, 2028 წლისთვის კი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება უმუშევრობას, იგი მიმდინარე მონაცემებით ორჯერ შემცირდა და 13,7% შეადგენს, ხოლო წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 2028 წლისთვის უმუშევრობა 4%-მდე შემცირდება“, - აღნიშნა მან.
ამასთან, პრემიერის თქმით, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა - დასაქმებულთა 2021 წელს დასაქმებული იყო 1 217 000 ადამიანი, 2024 წლის მეორე კვარტალში კი მაჩვენებელი 1 387 000-მდე გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2024 წლის მეორე კვარტალში 13,7% შეადგინა, რაც 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 17,7%-ით შემცირდა და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0