ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

© courtesy of Georgian Railwayსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
„ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! საქართველოს რკინიგზა უკვე 152 წელს ითვლის. საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ამასთან, ის თაობების ცხოვრების ნაწილი გახდა”, -ნათქვამია დავითაშვილის მილოცვის ტექსტში.
დავითაშვილის თქმით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს სარკინიგზო ქსელის, როგორც მთელი რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკვანძო რგოლის ფუნქცია და მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღესდღეობით ევროპა-აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადაზიდულია 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობიდან 11,1% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 27,7% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61,2% – ტრანზიტზე. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი საქართველოს რკინიგზით ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა +5,4% შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან.
„მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, საქართველოს რკინიგზამ შეძლო გლობალურ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ქსელში წარმატებით ინტეგრირება და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ჩვენს ქვეყანაზე გამავალ ევრაზიული დერეფნის ისტორიულ ფუნქციას. ეს ყველა რკინიგზელის საერთო, გუნდური წარმატებაა, თითოეული თქვენგანის მიერ წლების განმავლობაში გაწეული ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, საქმეში ჩადებული უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორი კონტინენტის – აზიისა და ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, მისი განხორციელება კი 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ".
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
ყველა ახალი ამბავი
0