საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება

© photo: Sputnikსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა არ შეაჩეროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება სარჩელის განხილვის პერიოდში, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მოცემულ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლომ, ექვსი ხმით ორის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.
„საქმის განხილვისას არ გამოვლენილა პოტენციურად გამოუსწორებელი შედეგი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკამათო ნორმების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ, რომელიც არეგულირებს ანგარიშების წარდგენასა და მონიტორინგს, არ უნდა დაკმაყოფილდეს“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის განხილვა გაგრძელდება და სასამართლო დაადგენს რიგი ნორმების შესაბამისობას ქვეყნის მთავარ კანონთან - საქართველოს კონსტიტუციასთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა ყველა იმ პუნქტზე, რაც მოსარჩელეებმა კანონის შეჩერების არგუმენტად დაასახელეს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობა „ნეგატიური კონოტაციის“ სტატუსით ძირს უთხრის მათ მიმართ საზოგადოების ნდობას და მათი საქმიანი რეპუტაცია იმდენად დაზარალდება, რომ დიდი ალბათობით, მათი მუშაობა მთლიანად პარალიზებული იქნება ან ნდობის აღდგენა შეუძლებელი გახდება.
სასამართლოსთვის ასევე არადამაჯერებელი აღმოჩნდა არგუმენტები იმის თაობაზე, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ზიანს აყენებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რის შედეგადაც საქართველო დაკარგავს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას.
მოსარჩელეები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს საკონსტიტუციო ორგანოებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების შელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.
საქმის დეტალები
მოსარჩელეები ედავებიან საქართველოს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცედურას და არეგულირებს ასეთი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეების თქმით, საკამათო კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიისა და სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების სტიგმატიზაციას, ხელს უშლის მათ საქმიანობას, შეუძლებელს ხდის მათი მიზნების მიღწევას და საბოლოოდ მათი ფუნქციონირების შეწყვეტას იწვევს.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმები, ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტების სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
ამის პარალელურად, საჯარო რეესტრში კანონით გათვალისწინებული სუბიექტების რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის პროცედურა და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა ეწინააღმდეგება კონფიდენციალურობისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს.
ამასთან, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების გავრცელება კანონის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუქცევითი მოქმედების აკრძალვის პრინციპს.
„გამჭვირვალობის“ კანონი ძალაში 2024 წლის ივნისის დასაწყისში შევიდა. მასში ნათქვამია, რომ თუ იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია) 2023 წელს მიღებული შემოსავლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მან რეგისტრაცია რეესტრში უკვე 2024 წლის სექტემბერში უნდა გაიაროს.
მოსარჩელეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შექმნილ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან შედარებით.
ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
სარჩელის ავტორებმა ასევე შუამდგომლობით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სადავო ნორმების მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს.
ყველა ახალი ამბავი
0