კომპანია „ჯიექს კვადრატის“ წარმომადგენლებმა 74 მოქალაქის თანხები მიითვისეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ორ პირს კი ბრალდება დაუმძიმდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა.
თაღლითური გზით ბრალდებულები 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ.
აღნიშნულ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ) წარედგინათ, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0