სუბსიდირების პროგრამით 9 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 9 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ფერმერებისგან რთველის მიღება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაახლოებით 50 ათასი ტონა იქნება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეძლონ შეუფერხებლად საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამამუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
2023 წელს ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციიდან 7 მლნ ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0