საპარლამენტო არჩევნების წინ „იმედმა" პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Stringerმხარდამჭერი აქცია
მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ ორ ოპოზიციურ გაერთიანებას ქვს
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითი ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი თვენახევრის მანძილზე არ შეცვლილა და 60%-ის ფარგლებშია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საპარლამენტო არჩევნების წინ, 18-30 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", რესპონდენტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამოკითხულთა 59,5% მზადაა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას". წინა გამოკითვის დროს (24 ივლისი-4-აგვისტო) რესპონდენტების 59,3%-მა მხარდაჭერა მმართველ პარტიას გამოუცხადა.
„ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებიც არიან -ეს ორი პარტია ამჟამად წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას.
კოალიციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხულთა 13,6% უჭერს მხარს. აღნიშნული პარტიის რეიტინგი თვენახევრის მანძილზე პრაქტიკულად იგივე დონეზეა - 13,1%.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება მისი ყოფილი წევრების მიერ შექმნილ პარტიებთან - „სტრატეგია აღმაშენებელი" და ევროპული საქართველო".
თითქმის გაორმაგდა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 5,5%-დან 10,3%-მდე. გაერთიანებაში შედის „ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრების მიერ შექმნილი სამი პარტია - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
დარჩენილი კოალიციებისა და პარტიების რეიტინგი, GORBI-ს კვლევის თანახმად, პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%-ზე დაბალია.
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" რეიტინგი თვენახევრის მანძილზე 5,8%-დან 4,5%-მდე დაეცა.
აღნიშნულ გაერთიანებაში შედის პარტია „ლელო-საქართველოსთვის", ხალხისთვის", „მოქალაქეები" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედნის" პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები.
რეიტინგი შეუმცირდა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" - 4,8%-დან 3,8%-მდე.
GORBI-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო პარტია „გირჩის" რეიტინგმა 2,7% შეადგინა (წინა რეიტინგით - 2,1%), ხოლო კონსერვატიული ძალების კოალიცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" - 2,5% (წინა რეიტინგი - 3%).
გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,7 ათასმა ადამიანმა. კვლევის ცდომილება შეადგენს +/-3%-ს.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ყველა ახალი ამბავი
0