ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი გაყიდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7194 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა, 48,5 მლნ დოლარი გაიყიდა.
მთლიანობაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 217,2 მლნ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო.
„არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება.
ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია.
როგორც უწყებაში განმარტეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0