ექსპერტი: საქართველოში საწვავზე ფასების შემცირება შესაძლოა გაგრძელდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2024
გამოწერა
იობაშვილის თქმით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი რყევები არ ყოფილა, ღირებულება საკმაოდ სტაბილური იყო.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საწვავზე ფასები 5-8 თეთრით შემცირდა და მომავალშიც არ არის გამორიცხული უმნიშვნელო კლება, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის (SING) თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა.
ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული. ამჟამად საქართველოში საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე 3,1 ლარიდან იწყება, ხოლო დიზელზე - 3,21 ლარიდან.

„საქართველოში საწვავზე ფასები 5-დან 8 თეთრამდე შემცირდა. ჩემი ვარაუდით, ფასები შეიძლება ცოტათი კიდევ შემცირდეს", - განაცხადა იობაშვილმა პრესკლუბ „კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი რყევები არ ყოფილა, ღირებულება საკმაოდ სტაბილური იყო.
„ფასებს ადგენს ნავთობის მსოფლიო ბაზარი, საერთაშორისო პლატფორმები, OPEC-ის ქვეყნები. გვინდა თუ არა, ამას მსოფლიო ნავთობის ბაზრები არეგულირებს. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ სიტუაციას, ბოლო ხუთი თვის მანძილზე ფასების განსაკუთრებული რყევები არ ყოფილა", - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, ახალ წლამდე რუსეთი არ გეგმავს საქართველოსთვის საწვავის მიყიდვას.
„ჩვენ საწვავს გვაწვდის ბელარუსი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, შუა აზია. თუმცა, შუა აზიის საწვავი არ აკმაყოფილებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებსა და ხარისხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ევრო-5 დიზელის სტანდარტი. აზერბაიჯანი დიზელზე უარს არ გვეუბნება“, - განაცხადა იობაშვილმა.
2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი ექსპორტიორი რუსეთი გახდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელთა სიაში ასევე შედის რუმინეთი (180,6 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 14,9%), ბულგარეთი (107,2 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 8,9%), აზერბაიჯანი (84,2 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 7%).
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0