„თამბაქოს კონტროლის ალიანსი": მოსწავლეებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გახშირდა

© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია!"
„მოწევა აკრძალულია! - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2024
გამოწერა
კვლევის თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში არაგასახურებელი თამბაქოს პროდუქციის მოხმარება 8-დან 12%-მდეა გაზრდილი.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წელში ჩატარებული კვლევის თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამასთან გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაც, განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის" პრეს-კლუბში.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
„აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალზე მაღალი მაჩვენებელია. თუ 2015 წელს შევადარებთ, მაშინ 7 % იყო. ანუ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი, რასაც ვვარაუდობდით იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტებთან მიმართებით, საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს", - განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემას მშობლებიც კი მსუბუქად უყურებენ და ფიქრობენ, რომ ელექტრონული სიგარეტი მხოლოდ არომატიზატორებითაა გაჯერებული, თითქოს იგი ახალგაზრდებს არანაირ ხიფათს არ მოუტანს. არცერთი ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა, სერიოზული პრობლემების შემქმენლია, დასძინა მან.
ბახტურიძის თქმით, ევროპის რეგიონის მასშტაბით პერიოდულად 15-16 წლის მოზარდებში ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ კვლევა ტარდება და საქართველოც დიდი ხანია ამ კვლევის ნაწილია. ბოლოს იგი 2019 წელს ჩატარდა, ახლა კი 2024 წლის აპრილში სავალე სამუშაოები ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხვა ჩატარდა.
„ახლა წინასწარი შედეგები გვაქვს, რომლის თანახმად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს განსაკუთრებით ახალ პროდუქტებს ეხება", - განაცხადა ბახტურიძემ.
კვლევის თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში არაგასახურებელი თამბაქოს პროდუქციის მოხმარება 8-დან 12%-მდეა გაზრდილი.
„ერთი მხრივ, სერიოზული კლებაა ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებით, მაგრამ გვაქვს მზარდი ტენდენცია ახალ პროდუქტებთან, რასაც ხელი თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან უკანონო ქმდებებმა შეუწყო", - განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება 11%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.
როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, 2018 წლიდან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის პოპულარიზაცია , სპონსორობა, რეკლამირება აკრძალულია, მაგრამ ბოლო პერიოდში სავაჭრო ობიექტებში მომრავლდა ელექტრონული სიგარეტების ნაირსახეობები, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული.
„ეს პროდუქტები კვების პროდუქტებთან, ტკბილეულთან, სათამაშოებთან ერთადაა განთავსებული. ამ ფაქტებს ჩვენი მონიტორები მაქსიმალურად აფიქსირებენ და შემდგომ რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურში გადადის. ეს დარღვევები საკმაოდ ხშირია", - განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, ეს ლეტალური პროდუქტი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და იგი მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა გაიყიდოს.
მანვე განმარტა თუ რა ზიანი მოაქვს ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს. ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინის მაღალ კონცენტრაციას, რაც სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს. მისი თქმით, ჰეროინისა და კოკაინის შემდეგ, ნიკოტინი სერიოზული ნარკოტიკული საშუალებაა.
2023 წლის დეკემბერში „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა" ხელისუფლებას ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის აკრძალვისა და კანონის აღსრულების კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ცენტრის ანგარიშში, რომელიც შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და 2023 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ თამბაქოს ნაწარმის 60-65%-ზე მეტი, რომელიც საქართველოში სვაჭრო ობიექტებში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, არის ახალი პროდუქტი, კერძოდ ელექტრონული სიგარეტი.
ამასთან დაკავშირებით ცენტრმა მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვის აკრძალვის გარდა, ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა კონკრეტული არომატით, მაგალითად, მენთოლის, ვანილის, ვაშლის, შოკოლადის და სხვა.
ცენტრის რეკომენდაციაა ასევე, რომ 2015 წლის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, სრულწლოვნობის შემდეგაც კი, ანუ 2033 წლიდან თამბაქოს პროდუქტები აღარ მიეყიდოს.
ყველა ახალი ამბავი
0