თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

© photo: Sputnik / Stringer„თბილისობა"
„თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2024
გამოწერა
მუზეუმის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული წარმოდგენები და მრავალფეროვანი გამოფენები გაიმართება.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის" დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება, ნათქვამიაკულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, 5 და 6 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები თავიანთი კუთხეების ტრადიციებს გააცოცხლებენ.
მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ფოლკლორული კონცერტები, მოეწყობა ქართული ღვინის კუთხეები. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების დეტალური პროგრამა:
5 ოქტომბერი
შიდა ქართლი - მრავალფეროვანი გამოფენები, ძველი ქართული ჭიდაობა, თონეში ნაზუქის ცხობის მასტერკლასი, რეწვის მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
ქვემო ქართლი - მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.
გურია - ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, მოსავლის აღება-დაბინავების ეთნოგრაფიული რიტუალები, ფოლკლორული ღონისძიებები.
მცხეთა-მთიანეთი - მრავალფეროვანი გამოფენები, მოხეური და ხევსურული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
რაჭა - ეთნოგრაფიული წარმოდგენები, რაჭული სტუმარმასპინძლობის რიტუალები, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
სვანეთი - უძველესი სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, სვანური რიტუალები და ფოლკლორული ღონისძიებები.
სამეგრელო - მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული სამზარეულოს გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები.
აჭარა - ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.
6 ოქტომბერი
აფხაზეთი - მრავალფეროვანი გამოფენები, აფხაზური ტრადიციების გაცოცხლება, კულინარიის ნიმუშების წარდგენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია - ოსური ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენა, კულინარიული მასტერკლასები, ოსური ფოლკლორული ღონისძიებები.
აჭარა - ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.
თბილისობა წელს დედაქალაქში ორ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე - „თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0