„საერთაშორისო გამჭვირვალობა" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

© Transparency International Georgiaეკალ გიგაური
ეკალ გიგაური - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2024
გამოწერა
2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოეხსნა.
თბილისი, 4ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
მას შემდეგ რაც სასამართლომ უარი თქვა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შეჩერებაზე, 30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად გააგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოში დღემდე დამკვირვებლის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
1 ოქტომბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.
2 ოქტომბერს კი საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდება და გააუქმა გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ყველა ახალი ამბავი
0