პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საელჩოს ყოველდღიურ ბრალდებებს გამოეხმაურა

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2024
გამოწერა
ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს თუ რას საქმიანობენ მისი თანამშრომლები, მათ შორის ისინი, ვინც ბოლო დღეებში ინტერნეტ-სივრცეში დიპმისიის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოსტებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ბანერები აშშ-ის საელჩოს გვერდზე 1 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება.
„ვთხოვდი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მან სინანულით აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე სამივე „ქარდი" ტყუილს შეიცავს. პრემიერმა კომენტარი მხოლოდ ერთზე გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების 1,8%-იანი ცდომილების გამო საფრთხეს უქმნის მის პარტნიორობას აშშ-სთან.
ხმების პარალელური დათვლა განახორციელა აშშ-დან დაფინანსებულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED).
„საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმაზე, თითქოს ცდომილება PVT -სა (ხმების პარალელური დათვლა - რედ.) და ცესკოს შედეგებს შორის იყო მხოლოდ 1,8%, მაშინ როცა სინამდვილეში იყო 2,4%", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში 2,4% - 46 ათასი ხმაა.
„მანიპულაცია მდგომარეობდა იმაში, რომ სინამდვილეში ამ 2,4%-ით ISFED რეალურად ბრალს დებდა „ქართულ ოცნებას“ 46 ათასი ხმის გაყალბებაში და საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი", - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, PVT-ის შედეგები ოპოზიციისთვის გახდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საბაბი.
„ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენ გვაბრალებდა არჩევნების გაყალბებას 46 ათასი ხმით და ეს იქცა მთავარ საბაბად ოპოზიციისთვის, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამას კი საელჩო უმნიშვნელო შეცდომას უწოდებს", - განაცხადა კობახიძემ.
დამნაშავე ფორმულაა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეორე დღეს გახდა ცნობილი. ცესკომ ხმების 100% დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,15% მიიღო, ISFED-მა კი გამოაცხადა 45,8%.
ოპოზიციის თითქმის თვენახევრიანი პროტესტის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, ISFED-მ დაშვებული შეცდომა აღიარა.
ხმების პარალელური დათვლის 2020 წლის 11 დეკემბრის განახლებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 47,6% მიიღო. ანუ ISFED-ის თავდაპირველი მონაცემები 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო შესწორებულზე და 2,34 პროცენტული პუნქტით ნაკლები ცესკოს შედეგებზე.
როგორც მაშინ ISFED-მ განმარტა, პრობლემა ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩნდა. კერძოდ, დაითვალეს ბათილი ბიულეტენები. ISFED-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, შედეგები ოდნავ შეიცვალა და ეს არანაირად არ მოქმედებს მხარეთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა.
აშშ არასამთავრობოების დაცვის სადარაჯოზე
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაასახელა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"(ISFED) როგორც არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მაგალითი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ფინანსდება საზღვარგარეთიდან.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ISFED აკვირდებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა საქართველოში პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ფარგლებში. „სამართლიანი არჩევნები“ ამჯერადაც დარეგისტრირებულია ცესკოში, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
ოთხშაბათს აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა ქართულენოვანი წარწერით „რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო?" და დიაგრამით.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ხმების პარალელური დათვლის პირველადი და განახლებული შედეგები „ქართული ოცნებისა“ და არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კოალიციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია".
აღნიშნულ ბანერს ახლავს კომენტარი - „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა".
აშშ-ის საელჩომ მმართველ პარტიას ასეთი შეფასება საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მისცა.
ფული და იზოლაცია
ამერიკის საელჩომ პირველი ბარათი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს მიუძღვნა: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა შეერთებული შტატების. რატომ უყვება ქართველებს სხვა ისტორიას?".
საპასუხო ღია წერილში ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს არასოდეს დაუდანაშაულებია აშშ და ევროკავშირი ფინანსურ შანტაჟში. საუბარი ყოველთვის იყო იმ ძალებზე, რომლებსაც მმართველი პარტია „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს.
„ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამ მიზნით ივანიშვილს აშანტაჟებენ, მაგრამ ეს უსარგებლოა, რადგან ის არასოდეს წავა ქვეყნის ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ, აცხადებენ პარტიაში.
ივანიშვილი ფინანსურ შანტაჟს უწოდებს იმ პრობლემებს, რომელიც მას შვეიცარიულ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკ Credit Suisse-თან შეექმნა. ივანიშვილმა გლობალური სასამართლო პროცესი 2016 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა, რომ თაღლითობის შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
მოგვიანებით სასამართლო დავა დაიწყო Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომლებმაც ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აშშ-ის საელჩოს ბოლო ბარათი ეძღვნება ამ ეტაპზე საქართველოს დასავლეთთან დაძაბულ ურთიერთობას. „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება - საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ბანერზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სექტემბრის შუა რიცხვებში აშშ-iს ელჩ რობინ დანიგანთან განიხილა. კობახიძემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამერიკული სანქციების დაწესების გამო და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიძლება არსებითად გადაიხედოს.
ყველა ახალი ამბავი
0