რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თხილის ექსპორტისგან

© photo: courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionთხილის გადამამუშავებელი საწარმო
თხილის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოდან 53,2 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით (5,1 მლნ დოლარით )გაიზარდა - აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც.
უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის მოსავლის ღირებულება 19,6 მლნ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში - ესპანეთში (9,7 მლნ დოლარი), იტალიაში (5,4 მლნ დოლარი), გერმანიაში (3,8 მლნ დოლარი), საფრანგეთში (3,2 მლნ დოლარი), პოლონეთში (2,7 მლნ დოლარი).
მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე.
„გადამუშავებული თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხის ზრდაზე, არამედ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც გულისხმობს სამუშაო ძალის დასაქმების შესაძლებლობას და შემოსავლებს, რომელიც პირველადი პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიიღება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ თხილის წარმოების და ექსპორტის ზრდა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირდაპირი შედეგია. ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლეს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერმა, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით მიიღო. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 95 ათასამდე ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 21,5 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღო. თხილის კადასტრში დღეისათვის რეგისტრირებულია 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
ყველა ახალი ამბავი
0