კალაძე: მობრძანდით ყველა და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2024“

© photo: Sputnik / Stringerთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
„თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, მობრძანდით ყველა თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობის" დღესასწაული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს ორ ლოკაციაზე – ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება.
მერის განცხადებით, „თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.
„რაც მთავარია, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს“-განაცხადა კალაძემ.
წლევანდელი „თბილისობისთვის" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო. გასულ წელს თბილისის მერიას დღესასწაული 3,1 მლნ ლარი დაუჯდა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0