ექსპერტი: საქართველო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უახლოვდება

© Sputnik / Alex Shlamovსოსო არჩვაძე
სოსო არჩვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2024
გამოწერა
2024 წლის ზაფხულის სამივე თვე, 2020 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში დეფლაციური იყო, განაცხადა არჩვაძემ
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკური ზრდა, შრომის ბაზარზე მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და დაბალი ინფლაცია განაპირობებს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან საქართველოს ჩამორჩენის აბსოლუტური და შეფარდებითი მასშტაბების დაჩქარებული შემცირების პროცესს, დაწერა სოციალურ ქსელში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის აგვისტოში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10%.
„დინამიური ეკონომიკური ზრდა, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და დაბალი ინფლაცია განაპირობებს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან საქართველოს ჩამორჩენის აბსოლუტური და შეფარდებითი მასშტაბების დაჩქარებული შემცირების პროცესს", - დაწერა არჩვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ვითარებას ადეკვატურად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტებიც, რომლებმაც საქართველოს მზარდი ეკონომიკური პოტენციალისა და ინსტიტუციური მდგრადობის გათვალისწინებით, წლის დასაწყისთან შედარებით ერთი-მეორეს მიყოლებით გაზარდეს ქვეყნის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო პარამეტრები.
კერძოდ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. ADB-ის სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 7%, მაშინ, როცა აპრილის პროგნოზით 5%-ს შეადგენდა. ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა 2025 წელშიც შენარჩუნდება და 5,5%-ის ნიშნულზე იქნება.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზს ივნისში გადახედა მსოფლიო ბანკმა და მაჩვენებელი 5,2%-მდე გაზარდა, მაშინ როცა იანვარში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,8%-ით იწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს მშპ-ის 5%-ით ზრდას ელის.
ეკონომიკის მიმოხილვა
როგორც არჩვაძემ დაწერა, 2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობისადმი სერიოზული გამოწვევებისა და მაღალი გეოპოლიტიკური რისკების შენარჩუნების პირობებში, აგრძელებდა დინამიურ ზრდას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აგვისტოში გაიზარდა 12%-ით, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით – 36,8%-ით.
შედარებისათვის: მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს 2019 წელთან შედარებით გაიზრდება 14,2%-ით, ევროკავშირის ეკონომიკა – 5,3%-ით, აშშ ეკონომიკა კი – 8,5%-ით.
ექსპერტის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზეც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ (მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით) გაიზრდება: საქართველოში – 3,9 ათასი დოლარით, აშშ-ში – 3,1 ათასი დოლარით, ხოლო ევროკავშირში – მხოლოდ 2,3 ათასი დოლარით. აღნიშნულის გამო ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენა (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე) აშშ-სთან შემცირდა 4,7 პუნქტით, ხოლო ევროკავშირთან – 6,6 პუნქტით, დაწერა არჩვაძემ.
გარდა ამისა, აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციამ 1% შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.5%) და ევროკავშირის (+2.2%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე. ამასთან, პირველად 2020 წლის შემდეგ, 2024 წლის ზაფხულის სამივე თვე საქართველოში დეფლაციური იყო.
„305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 121 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, რაც 12-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. აგვისტოში საქართველოს ექსპორტმა 641,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30,1%-ით აღემატება (რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპი 31% შეადგინა).
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე – 2,7-ჯერ გაიზარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის ეროვნული პროდუქტი გაიზარდა, შესაბამისად, 2,6-ჯერ და 1,5-ჯერ.
მესამე თვეა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება 100%-ს. აგვისტოში მოცულობამ წინა წლის აგვისტოს მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბა და 238,7 მლნ დოლარი შეადგინა.
„ამასთან, ექსპორტის მთლიანი მატების 27,7% მოდიოდა ადგილობრივი ექსპორტის მატებაზე და 72,3% – რეექსპორტის ზრდაზე, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ზოგადად, ეკონომიკური ფუნქციის მნიშვნელოვან ზრდას. რეექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 2024 წლის აგვისტოში რეკორდულად მაღალ 62,8%-ს მიაღწია", - განაცხადა არჩვაძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აგვისტოში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩეოდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, რომელიც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 95,8 მლნ დოლარით გაიზარდა (+50,3%) და მთელი რეექსპორტის მატების 87,7% უზრუნველყო.
გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდაში საკუთარი წვლილი შეაქვს უცხოეთიდან ფულად გზავნილებს, რომელმაც 2024 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა 290,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 25%-ით შემცირდა და 2.245 მლნ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 416,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,6%-ია.
ექსპერტის განცხადებით, ამავე დროს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შემცირება გრძელდება (2024 წლის აგვისტოში 18 მლნ დოლარით, ანუ 29,7%-ით ნაკლები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა საგრძნობი მატება (+8.3%).
„აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის აგვისტოში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 20,9%-დან 14,6%-მდე. ამჟამად აშშ-დან პირველ ადგილზე მყოფი ტრანზაქციების რაოდენობა 28,6%-ით აღემატება რუსეთიდან წმინდა ტრანზაქციებს, ხოლო იტალიიდან 18,2%-ით“, - აღნიშნა არჩვაძემ.
პოზიტიური ტენდენციები ძლიერდება შრომის ბაზარზეც. არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის ზრდაზე უფრო სწრაფად იზრდება ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა (როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულების), ასევე გრძელდება უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობისა და უმუშევრობის დონის შემცირება.
„მარტო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი საშუალო ხელფასის ზრდის ხარჯზე ქვეყანაში ხელფასის ფონდი, მხოლოდ ერთ თვეზე გაანგარიშებით, გაიზარდა საქართველოს 10 ათასამდე შინამეურნეობის მთლიანი წლიური შემოსავლის ეკვივალენტური თანხით", - განაცხადა ექსპერტმა.
„საქსტატის" ცნობით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0