შეძლებს თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქალიშვილი არჩევნებში ხმის მიცემას

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
როგორც ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია დიდი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არგახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაშია შეყვანილი და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას საფრანგეთში შეძლებს, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გორჯესტანი არ იყო ამომრჩეველთა სიაში, თავად ზურაბიშვილმა გაავრცელა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ მათ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნების გამო დავა გაჩაღდა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია დიდი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არგახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მოუწოდებს პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები და პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, 42 ქვეყანაში შეიქმნა. კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. მთლიანობაში საზღვარგარეთ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ცესკომ მოუწოდა ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0