რა აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა? მდინარაძე ზურაბიშვილის „ლაკონურ გულწრფელობაზე“

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 65 წამში აღიარა, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ელემენტარული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია და თეორიულადაც კი მათგან ვერც ერთი ვერ მიახლოვდება არჩევნებში გამარჯვებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გერმანიაში პრეზიდენტის დიასპორასთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ზურაბიშვილმა პოსტსაარჩევნო პერიოდზე და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„უნიკალური ვიდეო! სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება", - დაწერა სოციალურ ქსელში მდინარაძემ.
1. საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს), დაწერა მდინარაძემ.
ზურაბიშვილის თქმით, ცხადია, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის მუშაობა ადვილი არ იქნება და მათი ურთიერთობაც არ იქნება მარტივი. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ერთი ძალა ერთპარტიული არ იქნება. „ისინი იძულებული იქნებიან ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ“, - დასძინა ზურაბიშვილმა.
2. ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვლევის მიხედვით, ოთხი ოპოზიციური პარტია დაახლოებით ერთნაირი წონისაა. ზოგი ოდნაც ჩამორჩება, ზოგიც ოდნავ წინაა, მაგრამ არავინაა, ვინც სხვებს განზე დააყენებს.
3. „გამოკვლეული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა „ნაცმოძრაობაც" შეიძლება ვიხილოთ, დაწერა მდინარაძემ.
მისი თქმით, ისინი ისეთ რისკზე მიდიან, რომ „ნაცმოძრაობის" საარჩევნო ხუთნომრიან ბანერებსაც კი არ აკრავენ, რათა სხვა პარტიებმა გადალახონ ბარიერი. და ეს, მდინირაძის თქმით, პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგალითად, საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
4. მეოთხე აღიარებად მდინარაძემ დაასახელა ის, რომ ოთხი ოპოზიციური პარტია საერთო გეგმით მოქმედებს.
მდინარაძის თქმით, ეს არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „ახალი", „ლელოს" ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო", რომლის ლიდერი მამუკა ხაზარაძეა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია.
5. ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა, მიაჩნია დეპუტატს.
„მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონიური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით...“, - დაწერა მდინარაძემ.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერა ევროპელი პარტნიორების დამსახურებაა. „უთხრეს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ქარტიის ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებს ქვეყნის ევროპულ კურსს, გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0