ფიფია: საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გასაღები თბილისშია

მამუკა ფიფია
მამუკა ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
ახლა საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოუსმინონ მათ მეზობლებს და გადადგან ნაბიჯები კონფლიქტის დასარეგულირებლად, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, რომ რუსული მხარე მზად არის დაეხმაროს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან შერიგების პროცესში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების „გასაღები“ ახლა თბილისშია, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის" საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „სამართლიანად აფასებს წარსულს" და შერიგების სურვილზე საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, რუსეთი მზად არის დასახმარებლად.

„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ რუსული მხარის მიერ მსგავსი განცხადებები ადრეც კეთდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს არ სურდა მათი მოსმენა. ახლა კი, საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოუსმინონ მათ მეზობლებს და გადადგან ნაბიჯები კონფლიქტის დასარეგულირებლად. საქართველოს მოსახლეობამ კი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით, მათ უნდა დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა ფიფიამ „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ოპოზიციამ ლავროვის განცხადება სხვაგვარად აღიქვა. დეპუტატ თეონა აქუბარდის თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისადმი“ მოწოდება, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
სექტემბრის შუა რიცხვებში „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ქმედებების გამო საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ოსების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ.
დაკარგული ტერიტორიები
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0