ივანიშვილი: 2012 წლიდან ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული
© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
© party "Georgian Dream"
გამოწერა
მისი თქმით, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ „ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს".
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ბოლო დრომდე არ უთქვამს, რომ საქართველოს, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რადგან გარე და შიდა მტრები გამუდმებით ცდილობენ რევოლუციის დაწყებას და ქვეყნის ომში ჩათრევას, ნათქვამია პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილში.
ივანიშვილის ღია წერილი საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვების მორიგ წლისთავს ეძღვნება. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი, როცა იგი დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
„ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ", - დაწერა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ „ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს".
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!“, - ნათქვამია წერილში.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად რთული გზის ბოლო მონაკვეთს გადის.
„ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში", - ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, ვერავინ უნდა შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს.
საქართველოს მოსახლეობა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირჩევს თავისი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს და არა იმ კატეგორიულად მიუღებელ რეალობას, რომლის ევროპულობად წარმოჩენა სურთ „რადიკალურ ოპოზიციას“ და უცხოელ აქტორებს.
მმართველ პარტიაში უცხოელ აგენტებად, „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება, რათა შეასრულოს ქვეყნისთვის ოთხი მნიშვნელოვანი ამოცანა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ - ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს", - დაწერა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ასევე საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მართავდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;
„იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო", - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების" კიდევ ერთი ამოცანაა სამუდამოდ დასრულდეს ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში აისახოს მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი.
„ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას!.. ვალდებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ", - ნათქვამია წერილში.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. 26 ოქტომბერს ამომრჩეველი მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.