საქართველოს ნავსადგურებში გემები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2024
გამოწერა
წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1,5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამცირებს,
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა.
„ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად, შეიქმნა ერთიანი სისტემა, რომელშიც ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. სიახლის თანახმად, დღეიდან გემის აგენტები ერთიან სისტემაში შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის ატვირთვას და აღარ მოუწევთ ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა.
წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1,5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამცირებს, ნავსადგურში გემის მომსახურების პროცესის დაჩქარება კი, თავის მხრივ, საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
„საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ ხელს შეუწყობს საჯარო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა საქმიანობის სინქრონიზაციას, უწყებათაშორის კოორდინაციას და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ნავსადგურებში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის ეტაპი 2023 წლის მაისში დაიწყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა - სისტემის ეფექტური დანერგვისა და მუშაობისთვის ტრენინგი ჩაუტარდა 400-მდე მომხმარებელს.
ამ სისტემის დანერგვით დასრულდება ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესი საქართველოს საზღვაო სფეროში. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებმაც „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაიოლების შესახებ“ კონვენციით დაკისრებული ვალდებულება შეასრულეს და ნავსადგურებში „ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ დანერგეს, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ნაოსნობისთვის დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმოფხვრა, ეროვნული ბიუროკრატიული ფორმალობებისა და სხვა პროცედურების გამარტივება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან.
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში ამჟამად ორი - ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. პირველი სპეციალიზირებულია თხევად ტვირთებზე, ხოლო მეორე - გენერალურ (ცალობით) და ნაყარ ტვირთებზე. ბათუმის პორტით შემოდის თხევადი ნახშირწყალბადები (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, თხევადი და შეკუმშული ბუნებრივი აირი), ხოლო სხვა ტვირთები, მათ შორის სასუქები, შემოდის ფოთის გავლით.
დღეისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 550 ათას TEU-მდეა, ბათუმის პორტის კი 200 ათას TEU-მდე.
ყველა ახალი ამბავი
0