დვალიშვილი: ამ თანხას ქველმოქმედებას, ქართული სპორტისა და MMA-ს განვითარებას მოვახმარ

© courtesy of Merab Dvalishviliმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობა მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ 1 მლნ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტისა და MMA-ს განვითარებას, განაცხადა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა UFC-ის ქართველ ჩემპიონებს -ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს, 1 მლნ ლარს გადასცემს.
„ამ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდებოდი. იცით, რომ ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ, არ ვართ სახელმწიფო ბალანსზე და დამოუკიდებლად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. არ ველოდი და, რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის. ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში", - განაცხადა დვალიშვილმა.
29 სექტემბერს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით სამშობლოში დაბრუნდა - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ მებრძოლს გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.
მერაბ დვალიშვილი (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. იგი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.
რაც შეეხება შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველ პროფესიონალ მებრძოლს ილია თოფურიას, მან 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. 27 წლის თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.
ყველა ახალი ამბავი
0