დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა

© Tbilisi City Hall18-მეტრიანი ავტობუსი
18-მეტრიანი ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2024
გამოწერა
ჯამში, თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქში 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს, ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსების ახალი ნაკადი თბილისის მერმა „თეგეტა ჰოლდინგისა“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.
როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.
„ჩვენთვის, ერთი მხრივ საამაყო და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა, ჩავერთოთ თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა და ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ავტობუსები შევთავაზეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
MAN-ის 18-მეტრიანი, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.
„MAN-ის საქალაქო ავტობუსს შეუძლია გაცილებით დიდი რაოდენობის მგზავრების გადაყვანა და ამით აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივად მზარდ მოთხოვნას, ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და კომფორტით. ეკონომიური და ეკოლოგიური MAN-ის ავტობუსები გამიზნულია იმისთვის, რომ თბილისში ტრანსპორტი უფრო მდგრადი გახდეს“, - განაცხადა MAN Truck & Bus-ის ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელმა ბარბაროს ოკტაიმ.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.
ამ ეტაპზე დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში, თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0