„გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში!“- საქართველოში ცოფთან ბრძოლის დღე აღინიშნა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2024
გამოწერა
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 28 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ჩატარდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს 2013 წელს შეუერთდა. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში!".
ვაქცინაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და უწყების ვეტერინარებმა პატრონიანი და მიკედლებული შინაურ ცხოველები სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში აცრეს.
ცხოველთა უფასო ვაქცინაცია თბილისისი გარდა, ჩატარდა კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 ათასზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 ათასი მანიპულაციის ჩატარება იგეგმება.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 22 შემთხვევაა დადასტურებული. 2015 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება.
ცოფის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია თავიანთ შინაურ ცხოველებს, რითაც დაიცავენ როგორც მათი ოთხფეხა მეგობრების, ასევე ადამიანების სიცოცხლეს.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია – „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი – ნული საფრთხე სიცოცხლისთვის".
2015 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის", რაც ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0