თბილისსა და რეგიონებში ცოფის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
დედაქალაქში ცხოველთა უფასო ვაქცინაცია სამ ლოკაციაზე 11-დან 16 საათამდე პერიოდში ჩატარდება
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - „გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში!". აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს 2013 წელს შეუერთდა.
ცხოველთა უფასო ვაქცინაცია თბილისში, სამ ლოკაციაზე 11-დან 16 საათამდე პერიოდში ჩატარდება:
ვაკის პარკში (ფანტანთან)
დიდ დიღომში (Goodwill-ის სკვერთან)
ვარკეთილის ცენტრალურ პარკში (მესამე მიკრორაიონი, № 3ა).
უფასო ვაქცინაცია ასევე ჩატარდება კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
ვაქციაციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია – „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი – ნული საფრთხე სიცოცხლისთვის".
2015 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის", რაც ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0