საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველომ და საუდის არაბეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველომ და საუდის არაბეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
დოკუმენტი ითვალისწინებს ტურიზმის შესახებ ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და საუდის არაბეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და საუდის არაბეთის ტურიზმის სამინისტროებმა მემორანდუმს თბილისში გამართულ უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრების შემდეგ მოაწერეს ხელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატეებთან შეხვედრა გამართა, რომელიც თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
დოკუმენტი მოიცავს მხარეთა კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ტურიზმის შესახებ ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას, ორ ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას, საინვესტიციო პაკეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საპრომოციო აქტივობების გატარებას და დარგის ექსპერტების ურთიერთგაცვლას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან როგორც პირდაპირი ფრენების, ისე ვიზიტორების რაოდენობა.
კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 44%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას საუდის არაბეთთან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, რომელიც 2024 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. ხაზი გაესვა საბჭოს მნიშვნელობას ორი ქვეყნის დაახლოების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობაზე ვაჭრობის სექტორში.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთის საქმიანი წრეებს შორის ბოლოდროინდელ გააქტიურებას.
აღინიშნა, რომ ქართველი და საუდელი ბიზნესმენების საქმიანი კავშირების გამყარებას ხელს უწყობს საქართველო - საუდის ბიზნეს საბჭოს საქმიანობა, რომლის ორგანიზებითაც რეგულარულად იმართება ბიზნეს ფორუმები.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0