ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროცესი მოიგო

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში 2017 წლიდან მიმდინარეობს.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 742,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ ბანკმა აქტივების დაცვის ვალდებულება დაარღვია.
გასული წლის ნოემბერში სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მოსარჩელეების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ქვეყნის ყოფილი პრემიერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე აღნიშნული თანხის განთავსება დაავალა.
2023 წლის 26 მაისს სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ბიძინა ივანიშვილისთვის მისი ქონების ნაწილის დაკარგვის გამო 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა.
ამავე სასამართლოს 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ივანიშვილისთვის კუთვნილი კომპენსაციის ოდენობა 781,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა ზარალის გამოთვლის დაწყების თარიღის - 2007 წლის დეკემბრის ნაცვლად 2008 წლის მარტის ცვლილებისა და ასევე 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში საკონტროლო პორტფელის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირების გამო.
2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ივანიშვილების ოჯახის წინაშე ვალდებულების დარღვევა მხოლოდ სასამართლო პროცესის მეათე დღეს აღიარა.
სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში 2017 წლიდან მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, 2004 წლის ბოლოს ივანიშვილმა Credit Suisse-ში 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა განათავსა, ხოლო თითქმის ათი წლის შემდეგ, 2015 წელს, შეიტყო მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. გაირკვა, რომ 2008 წლიდან ბიზნესმენი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტისგან იღებდა გაყალბებულ რეპორტებს მის ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის შესახებ. მხოლოდ პირდაპირი ზარალი დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
ამასთან, ივანიშვილის იურისტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ლესკოდრონი მსგავს ქმედებებს სხვისი დახმარების გარეშე ვერ ჩაიდენდა, და რომ Credit Suisse-ის მენეჯმენტმა ამის შესახებ ივანიშვილზე გაცილებით ადრე შეიტყო, მინიმუმ 2010 წელს, მაგრამ არ აღკვეთა ეს.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
ერთ შემთხვევაში საქმე ეხება თაღლითობის გამო ზარალის ანაზღაურებას, ხოლო მეორე შემთხვევაში - სინგაპურსა და გერნსში (ბრიტანეთის სამეფოს ტერიტორია) Credit Suisse-ის ორ ტრასტის უარს მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე.
ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ 2022 წელს Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ 607,4 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო გადაყწვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახებოდა, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
რაც შეეხება თაღლითური სქემისთვის მიუწვდომელ თანხებს, ივანიშვილმა ისინი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში – Julius Baer-ში, ხოლო მათი მართვა დაავალა ისევ ბანკ Credit Suisse-ის ტრასტებს, მისივე რეკომენდაციით. ამ თანხების ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულ გერნზის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვაში.
მაისში ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, მაგრამ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის პრაქტიკული რეალიზება.
2023 წლის ივნისში, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, Credit Suisse Trust-მა მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ. ამის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა აქტივების დაახლოებით 5% გადასცა ივანიშვილების ოჯახს, ხოლო 95% განათავსა ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე ნაწილი კი დასავლეთ ევროპის ფონდებში. ეს თანხები, მიუხედავად Julius Baer-ის მიმართვისა, აჭიანურებს აქტივების გადაცემას მოსარჩელეებისთვის.
ტრასტებმა ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
ივანიშვილის ინტერესების დამცველ საადვოკატო კანტორაში მიაჩნიათ, რომ ის Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ღია პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ექს-პრემიერის ადვოკატების თქმით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ბანკის და შვეიცარიის მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციის მიზანმიმართულ განადგურებას.
ყველა ახალი ამბავი
0