ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო) მოუწოდებს პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები და პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცესკოს 26 სექტემბრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე“.
ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყება განმარტავს, საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს.

„სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება“, -ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცესკოში განმარტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე - საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის.
სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას.
როგორც ადრე ცესკოში აღნიშნეს, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არგახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0