არჩევნები-2024: საარჩევნო უბნები ათობით ქვეყანაში გაიხსნება

ახალი ტექნოლოგიები არჩევნებზე
ახალი ტექნოლოგიები არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2024
გამოწერა
კატეგორიულად მიუღებელია უცხოეთში საარჩევნო უბნების თემით მანიპულირება, აღნიშნეს ცესკოში
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ამომრჩევლები 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას შეძლებენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში - 42 ქვეყანაში, სადაც ჯამში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, საარჩევნო პროცესში ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.
სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას.
„აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოში აღნიშნეს, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ცესკომ მოუწოდა ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0