საქართველოს ელჩს აშშ-ში თანამდებობა არ დაუტოვებია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2024
გამოწერა
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2022 წლის აპრილში დაინიშნა.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც მან გადადგომა გადაწყვიტა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა მიღებაზე, რომელიც ტრადიციულად გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის იმართება.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2022 წლის აპრილში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0