ეს არის ღალატი: ვოლსკი „ენჯეოების" მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნაზე

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
როგორც ადრე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შეიძლება შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანცია გაიზრდება.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ეს არის ღალატის ის ფორმა, რომელიც მათდაუნებურად მაკკეინის ინსტიტუტმა სააშკარაოზე გამოიტანა, ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნას, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში აისახა.
მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, განიხილოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საკითხი. ეს საკითხი დასახელებულია იმ შვიდ ქმედებას შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. სხვა საკითხებთან ერთად დასახელებულია სანქციების დაწესება მმართველი ძალის ლიდერების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა აბსოლუტურად ნათელი თუ ვინ მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა დეპუტატმა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დისტანცია გაიზრდება.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0