პრეზიდენტმა აღიარა „ოცნების" და „ნაცმოძრაობის" ალტერნატივის შექმნის გეგმის ჩავარდნა

© President of Georgia leli blagonravovaსალომ,ე ზურაბიშვილი
სალომ,ე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის გამო ოპოზიციური ძალების - პარტია „საქართველოსთვის" და პარტია „ლელოს" მიერ შექმნილი კოალიციის გაერთიანება ვერ შედგა, თუმცა, მოლაპარაკებებმა შედეგი მაინც გამოიღო, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ზურაბიშვილის ინიციატივა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პოზიტიური მესამე ცენტრის“ შექმნა, რომელსაც ასე ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი - ანუ ამომრჩევლები, რომლებიც არ არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.

„მოლაპარაკებებში არის წესი, რომ შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი არ აპირებს რომელიმე მხარის დადანაშაულებას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის ჩაშლის გამო - არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას და არც „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილ „ლელოს".
„ალბათ, ყველა დამნაშავეა და ამავდროულად არავინ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან არშემდგარი შეთანხმების ორი მიზეზი დაასახელა.
„ამ ყველაფერში არის ორი მთავარი დამნაშავე. ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, რადგანაც ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაში მეორე დამნაშავედ მან დაასახელა უნდობლობა და ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღო.
„ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის, რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გახარია რამდენიმე თვის შემდეგ მაინც შეუერთდა მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა რიცხვს.
ქარტიის ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებს ქვეყნის ევროპულ კურსს, გაატარონ რეფორმები სასამართლო, სამართალდამცავ და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0