პაპუაშვილი: ოპოზიციის დახმარების მიზნით არჩევნებში უცხოელები ერევიან

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა უცხოელებმა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საარჩევნო პროცესებში გარე ძალების ჩარევა ძლიერდება, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიციას მორიგ ჯერზე მარცხი ელოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნები პირველად გაიმართება. ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე.
„წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია უნიათო კამპანიას აწარმოებს, რომელიც აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივსა და ზიზღის ენაზე.
„რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რაიმე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს და ოპოზიციის დღის წესრიგს.
შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს, აღნიშნა სპიკერმა.
„ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა?", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.
„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლებამოვალეობა, თუნდაც ისინი ქვეყნის პარტნიორები იყვნენ.
„ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ და განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ამ ღირებულებების ერთგულნი.
მან უცხოელ პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.
„უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად... ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან მაგალითად მოიყვანა უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებები, რომლებიც ფასდება როგორც მოწოდება საზოგადოებისადმი საპარლამენტო არჩევნებში არ მისცენ ხმა საქართველოს მმართველ პარტიას.
ყველა ახალი ამბავი
0