საქართველოს პირველი პირები გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
შაჰნაზარი იყო ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
91 წლის გივი შაჰნაზარი 23 სექტემბერს გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილში აღნიშნავს, შაჰნაზარმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ლიტერატურის განვითარებაში​.
„მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის განვითარებაში, ჩვენს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მისი როლი ქართველ და სომეხ ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. თანავუგრძნობ გივი შაჰნაზარის ოჯახს, ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
„ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის. ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს“, – დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
გივი შაჰნაზარი 1933 წლის 23 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელი.
1984-1987 წლებში გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. შაჰნაზარი 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
იგი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებდა თარგმანებს სომხური, აფხაზური და ოსური ენებიდან. პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: საიათნოვას „ლექსები“(1972), სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“(1978), ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“(2000). მან ქართულ ენაზე ააჟღერა არაერთი სომეხი, აფხაზი და ოსი პოეტის ლექსები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს კი მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ერთგულების ორდენით. ასევე იყო პრემია „საგურამოს“ და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ყველა ახალი ამბავი
0