რა სახის დეკლარაციების შევსება უწევთ „უცხოურ აგენტებს“ საქართველოში - დეტალები

© AP Photo / Kin Cheungმომხმარებლები კომიუტერთან
მომხმარებლები კომიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2024
გამოწერა
რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე განაცხადი 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ შეიტანა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა, რომლებმაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარი და უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს, 2023 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსონ.
რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე განაცხადი 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ შეიტანა. რეგისტრაცია 1 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაგრძელდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს „უცხოური ძალა“ წარმოდგენს, რეესტრში რეგისტრაციის გავლას და დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მასობრივი პროტესტის და დასავლეთის მკვეთრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
„საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ყველა უცხოურმა აგენტმა 11 დოკუმენტი უნდა შეავსოს და იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს.
პირველი წარმოადგენს შემოსავლის შესახებ ზოგად ინფორმაციას და მოიცავს როგორც შემოსავლის სახეს და დანიშნულებას, ასევე შემოსავლის წყაროს და იმ ქვეყნის მითითებას, საიდანაც არის მიღებული შემოსავალი, ანგარიშს, საიდანაც შემოსავალი გადაირიცხა და შემოსავლის აღწერას.
მეორე დოკუმენტი ეხება უშუალოდ ხარჯებს - იგი მოიცავს როგორც სახელფასო ხარჯებს, სადაც მითითებულია თანამშრომლების ყველა პერსონალური მონაცემი, ასევე ოფისის, მედიკამენტების, კვების, სერვისების, ტრანსპორტის, გართობის, მივლინებების, რეკლამების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ხარჯებს. ამასთან, ხარჯების შესახებ დოკუმენტების შევსებისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ უნდა მიუთითონ ამ ხარჯების მიზნები და დრო თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში.
დანარჩენი დოკუმენტები ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების ფაქტობრივ ფინანსურ მდგომარეობას, მათ შორის ბანკში და სალაროში სახსრების არსებობას, ინფორმაციას დეპოზიტების, სესხების, გადასახადების, ქონების და ფინანსური ვალდებულებების შესახებ.
ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალური ანგარიში უნდა ჩააბარონ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ხარჯების შესახებ მიზნისა და თარიღის მითითებით.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0