ჩემმა დათმობამ სიხარბე წაახალისა - გიორგი გახარია „ლელოსთან“ გაერთიანების ჩაშლაზე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2024
გამოწერა
გახარიამ დასვა წერტილი მოლაპარაკებებში ხაზარაძის კოალიციასთან გაერთიანების საკითხზე, მაგრამ მზადაა დაუბრუნდეს საკითხს თავისი მხრიდან დათმობების გარეშე
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური ძალების - პარტიის „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მიერ შექმნილი კოალიციის გაერთიანებისთვის ნეიტრალური პლატფორმის შექმნაზე უარის თქმამ სიხარბე წაახალისა, რამაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
მოლაპარაკებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მის რეზიდენციაში 17 სექტემბრიდან იმართებოდა. ყოველი შეხვედრის შემდეგ ხაზარაძე აცხადებდა, რომ კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა. კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ღიად განაცხადა, რომ ვერ ხედავს გახარიას პარტიასთან გაერთიანების მიზანშეწონილობას მისი წარსულის გამო.
„ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზეც უარის თქმა არ იქნებოდა სწორი“, - განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები უნდა დასრულებულიყო მაშინ, როცა ვერ შედგა შეთანხმება ნეიტრალური პლატფორმის შექმნის შესახებ, რაც გულისხმობდა არჩევნებში მონაწილეობას ნეიტრალური სახელწოდებით და საარჩევნო ნომრის ქვეშ.
ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ რეგისტრირებულია ცესკოში 25-ე ნომრად, ხოლო კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - ხაზარაძის პარტიის მე-9 ნომრად.
„მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში“, - განაცხადა გახარიამ.
მან აღნიშნა, რომ წინა დღეს დაწყებულმა შავმა პიარმა აჩვენა, რომ მიზანი იყო არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.
„დიახ, წერტილი დავსვი მე. მე წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტის, ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უბრუნდება თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო სავალდებულო პრინციპებს.
„საჯაროდ ვაცხადებ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მასსა და ხაზარაძის კოალიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა, და ასევე თავად ხაზარაძეს. გახარიას თქმით, თავად პროცესი იყო პოზიტიური, რამაც შემდგომში თანამშრომლობის შესაძლებლობები გააძლიერა.
ხაზარაძის პოზიცია
მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას ბოლო წინადადებას რაღაც წარმოუდგენელი უწოდა.
„მან [გახარიამ] დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება და ისეთი რა, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს... ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან მზადყოფნა გამოთქვა დღესვე მოაწეროს ხელი იმას, რაზეც მხარეები პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თუ ეს არ მოხდება, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხვალ დილიდან თავის საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება არჩევნებს მიღმა აღმოჩნდეს.
კოალიცია შეიქმნა ივლისში, როდესაც გაერთიანდნენ პარტიები „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ (ლევან ცუცქირიძე).
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
ძველი კონფლიქტი გახარიასა და ხაზარაძეს შორის
მმართველ პარტიაში ამბიციებით გამორჩეული ოპოზიციონერების - გახარიასა და ხაზარაძის უპრინციპობაზე საუბრობენ.
უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.
გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველივე არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ყველა ახალი ამბავი
0