როდის გაჩნდება საქართველოში „სურსათის ბანკები"?

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშისურსათი
სურსათი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2024
გამოწერა
ბენეფიციარები გახდებიან ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროების წინაშე დგანან ან სოციალურად მოწყვლადი პირები.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. „სურსათის ბანკის" საწყობი, სადაც საქართველოში არსებული მაღაზიები და კაფეები შეძლებენ ქველმოქმედების მიზნით საკვების ჩაბარებას, 2024 წლის ბოლოსთვის გაჩნდება, განაცხადა პროექტ „სურსათის ბანკი - საქართველოს" კოორდინატორმა სალომე ჯაფარიძემ.
„სურსათის ბანკები“ მხოლოდ ვადიან და მოხმარებისთვის უსაფრთხო პროდუქტების მიღებას შეძლებენ, რომელთა ჩამონათვალიც საქართველოს მთავრობამ დაადგინა.
კომპანიებს შეეძლებათ ამ პროდუქტების დონაცია პირადად განახორციელონ, ან გადასცენ ისინი კვების საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ ზედმეტი საკვების განაწილების ძირითადი ფუნქცია.
„ვფიქრობთ, ნოემბრისთვის, მაქსიმუმ დეკემბრისთვის „სურსათის ბანკის” საწყობი გვექნება და უკვე 2025 წლიდან, როდესაც საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება, ფუნქციონირებას, სურსათის მიღებას და ბენეფიციარებზე გადანაწილებას შევძლებთ", - განაცხადა ჯაფარიძემ პრეს-კლუბ „კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტის განცხადებით, პროექტი ევროკავშირის და „ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” მიერ არის დაფინანსებული და ახორციელებს ქართული საქველმოქმედო ორგანიზაცია People in Need („ადამიანი გაჭირვებაში”).
ამ ეტაპზე თბილისში საწყობისთვის ადგილის მოძიება მიმდინარეობს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ „ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან”, რომელიც გვეუბნება, რომ საწყობი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა შეწირული სურსათის უსაფრთხოდ შენახვა მოხდეს", - აღნიშნა მან.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „სურსათის ბანკი” ცენტრალური, დიდი საწყობია, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან, სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოჯისტიკურად ჭარბი სურსათის მიღებას უზრუნველყოფს.
„სურსათის ბანკები” ევროპაში ასე ფუნქციონირებს: იღებენ ჭარბ სურსათს, შემდეგ ან უშუალოდ ბენეფიციარს აწვდიან, ან სხვა არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციების გავლით იმ ადამიანებს, ვინც ამის საჭიროების წინაშეა", - განაცხადა ჯაფარიძემ.
„სურსათის ნარჩენების და დანაკარგების შესახებ კანონი” გასული წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. მიმდინარე წლის ზაფხულში ორივე ქვემდებარე აქტი გამოქვეყნდა. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო შეღავათები გააქტიურდება.
„ჩვენ ამას ველოდებით. სხვა მხრივ ყველაფერი მზადაა. მარტივად რომ ავხსნათ, აქამდე თუ რომელიმე სუპერმარკეტს სურდა, რაღაც სურსათი შეეწირა, მოგების და საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაეხადა. 2025 წლიდან ამ გადასახადების გადახდა აღარ მოუწევთ, წახალისებული იქნება, რომ დონაცია გააკეთონ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება - სურსათის მიღება თბილისში მოხდება, გადანაწილება კი წყალტუბოში განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში წყალტუბოში სურსათით 1 ათასი ბენეფიციარი დაკმაყოფილდება, იქნება კრიტერიუმები, რომელიც სურსათის მისაღებად ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს. ბენეფიციარები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროების წინაშე დგანან ან სოციალურად მოწყვლადი პირები.
„ან ისეთი პირები, რომლებიც ამ სიაში არ არიან, მაგრამ რეალურად მოწყვლადები არიან და დამატებით დახმარებას საჭიროებენ", - დასძინა ექმერტმა.
პროდუქტების სიაში, რომელსაც „სურსათის ბანკები" მიიღებენ, შესულია დაბალი რისკის შემცველი, ე.წ მშრალი პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, კეტჩუპები, სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები, ორცხობილები, რომელსაც შიგთავსი არ აქვს, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს, სიაშია ასევე ხილ-ბოსტნეულიც.
საქველმოქმედო ორგანიზაციები ასევე შეძლებენ პურფუნთუეულის მიღებას, თუ იგი დარიგებული იქნება წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში. ორგანიზაციებს აეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების ან სახლის პირობებში დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის მიღება.
ავტორიზაციისთვის ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული, როგორც ბიზნეს-ოპერატორი, ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და აკმაყოფილებდეს სურსათის შენახვისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ კანონებს.
ყველა ახალი ამბავი
0