რატომ ვერ შედგა ყველაზე მსხვილი გაერთიანება ოპოზიციაში - ხაზარაძის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerმამუკა ხაზარაძე აქციაზე
მამუკა ხაზარაძე აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2024
გამოწერა
საარჩევნო სიის შედგენისას პარიტეტი შეთანხმდა გახარიას პარტიას და კონკრეტულად „ლელოს“ შორის, და არა მთლიან კოალიციასთან, განაცხადა ხაზარაძემ
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. გიორგი გახარიას პარტიის გავრცელებული განცხადება „ლელოს“ ირგვლივ შექმნილ კოალიციასთან ჩაშლილი გაერთიანების შესახებ პარტიის ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
პარტიამ „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ გვერდზე გადადო თავისი ინტერესები, მეორე მხარემ კი სავარაუდოდ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია.
„პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 3 საათი იყო თუ 4 დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა“, - განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მან არ იცის, რატომ გააკეთა გახარიას პარტიამ განცხადება, რომ გაერთიანების შესახებ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პოლიტიკოსმა გაერთიანების საკითხზე ჩაშლილ მოლაპარაკებებს დაკარგული შანსი უწოდა.
„არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ.“ - განაცხადა ხაზარაძემ.
მან აღნიშნა, რომ გახარიასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საარჩევნო სიის შედგენისას პარიტეტი იქნებოდა არა მთლიან კოალიციასთან, არამედ მის ღერძს, „ლელოსთან“.
„მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან... ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“, - განაცხადა ხაზარაძემ.
2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
მოლაპარაკებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მის რეზიდენციაში 17 სექტემბრიდან იმართებოდა. სწორედ პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკოსებს გაერთიანებისკენ და ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების ალტერნატივის შექმნისკენ.
ყოველი შეხვედრის შემდეგ ხაზარაძე აცხადებდა, რომ კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა. კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ღიად განაცხადა, რომ ვერ ხედავს გახარიას პარტიასთან გაერთიანების მიზანშეწონილობას მისი წარსულის გამო.
ძველი კონფლიქტი გახარიასა და ხაზარაძეს შორის
მმართველ პარტიაში ამბიციებით გამორჩეული ოპოზიციონერების - გახარიასა და ხაზარაძის უპრინციპობაზე საუბრობენ.
უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.
გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ყველა ახალი ამბავი
0