საქართველო-უკრაინა: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

© photo: Sputnikსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2024
გამოწერა
თითოეულ გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
„ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბილეთის შესაძენად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მყიდველი ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს.
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0