პრემიერი: აშშ-ის სანქციები მიმართულია საქართველოსთან ურთიერთობების ნგრევისკენ

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2024
გამოწერა
კობახიძემ სახელმწიფოსთვის „უკიდურესად შეურაცხმყოფელი" უწოდა სანქციების დაწესებას განსაკუთრებით მაღალი რანგის პოლიციელების წინააღმდეგ
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სანქციები, რომელიც აშშ-მ შემოიღო საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, უფრო მეტიც, იგი მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნგრევაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას... ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა გუშინწინ, არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ, ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან სახელმწიფოსთვის „უკიდურესად შეურაცხმყოფელი" უწოდა სანქციების დაწესებას განსაკუთრებით მაღალი რანგის პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში.
ამასთან, პრემიერმა „პრინციპულად მიუღებელი“ უწოდა აშშ-ის მხრიდან არაპარტნიორულ დამოკიდებულებას რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი.
„ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად... იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში იყო სირთულეები, რაც ძირითადად წინა ელჩის კელი დეგნანის საქმიანობით იყო განპირობებული.
მისი თქმით, მოქმედი ელჩი რობინ დანიგანი, კონსტრუქციულობას იჩენს.
„მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღებული იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სამშაბათს დანიგანთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
„მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრაზე ითქვა, რომ სანქციების შემოღებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და მსგავსი პოზიციის განმეორების შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიძლება არსებითად გადაიხედოს.
მოგვიანებით დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, რადგანაც იგი საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას ემსახურება.
როგორც დანიგანმა აღნიშნა, მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის უფრო დიდი მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას ელჩმა, სავარაუდოდ, იგულისხმა კობახიძის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ოლიგარქიული ძალები გავლენას ახდენენ აშშ-ის ოფიციალურ ინსტიტუტებზე“.
ვინ და რატომ მოხვდა სანქციების ქვეშ?
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც 2021-2023 წლებში ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
გარდა ამისა, შსს დამატებით ზომებს იღებს საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღების თაობაზე. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0